Skip to main content

ირაკლი გოგიჩაძე. “არსი და ცნობიერება”

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-28, 2024 წ)

„ადამიანი არის საზომი ყველა საგანთა: არსებულთა,

რომ ისინი არიან და — არარსებულთა, რომ ისინი არ არიან“.

პროტაგორა

 

წინამდებარე სტატია, თავდაპირველი ჩანაფიქრის მიხედვით, თემატურად უნდა დათმობოდა იმ კრიტიკულ მიდგომას იდეათა თეორიისადმი, რომელიც თავად პლატონმა წამოიწყო საკუთრი პოზიციის მიმართ დიალოგ „პარმენიდეში“. შემდგომ ეს ხაზი კრიტიკისა, როგორც ვიცით, განაგრძო არისტოტელმა. შუა საუკუნეების ფილოსოფიამ, პლატონისგან და არისტოტელისგან მიღებული მემკვიდრეობა ამ კრიტიკისა, გადაიყვანა ე.წ. „უნივერსალიების პრობლემის“ კონტექსტში. მიუხედავდ იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში უდიდესი მოაზროვნეები ეჭიდებოდნენ ამ საკითხს, როგორც ნიკოლაი ჰარტმანი აღნიშნავს, პრობლემა დღემდე პრობლემად რჩება. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვვარაუდობდით, რომ ამ თავსატეხს წერტილს დაუსვამდით, მით უმეტეს, რომ წლების განმავლობაში  ჩემი სტსტიების ციკლის თემატიკა ძირითადად იყო ფილოსოფიურ-ანთროპოლოგიური, უფრო ზუსტად, ყველა საკითხს განვიხილავდი ხოლმე ფილოსოფიური ანთროპოლოგიის კონტექსტში. პლატონურ-არისტოტელური დისკუსიაც, რომელიც მოკლედ რომ ვთქვათ — „ყოფიერების პრობლემას“ წარმოადგენს, როგორღაც უნდა განმეხილა იმ ანთროპოლოგიურ პრიზმაში, რომელიც ჩამოყალიბდა „ფილოსოფიური ძიებანი“-ში გამოქვეყნებულ სთატიათა საკმაოდ ვრცელ ციკლში. თუმცა, როგორც ჟარგონზე იტყვიან, „სად ბანაობ“. საკითხმა უზარმაზარი მეტაფიზიკური ხახა დააფჩინა და ის სულ უფრო იზრდებოდა სათანადო ლიტერატურის გაცნობისდა კვალად. აღმოჩნდა, რომ დასახული ამოცანის განხორციელებამდე განსახილველ-დასალაგებელი იყო არა მხოლოდ ის ზღვა მასალა, რომელიც ყოფიერების პრობლემას უკავშირდებოდა, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საჭირო იყო გარკვევა იმ ტერმინოლოგიურ და ცნებით აპარატში, რომელთაც ეს თემატიკა ეყრდნობა. პირდაპირ ვიტყვი, მე აღმოვჩნდი ამ ცნებათა და ტერმინთა გაუვალ, გადახლართულ, გაურკვეველ, არაერთმნიშვნელად ჯუნგლებში. (more…)


ი.გოგოიჩაძე. „ანთროპოსი და დროულობის მრავალფეროვნება“

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-27, 2023 წ)

დროის ფენომენს ჩვენ შევხებივართ წინამორბედ სტატიებშიც, მაგ., „აბსოლუტური თავისუფლება და თეოანთროპოსი“ – ში („ფილოსოფიური ძიებანი“ N – 18, 2014 წ.). ხსენებულ სტატიაში საქმე ეხებოდა კონკრეტულად დროის ზოგად ისტორიის-ფილოსოფიურ კონცეფციებს. დროის პრობლემა იმდენად ფართო საკითხია, რომ ერთი და ორი სტატიის ფარგლებში ვერ ამოიწურება. აქ ამ საკითხს სხვა მხრივ შევეხებით, რაც გამოაჩენს შემდგომი სტატიებისთვის განსახილველ საკითხთა ახალ რიგს და ა.შ.. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ფილოსოფიურ პრობლემათა, და მათ შორის დროის საკითხის, ცალსახად, ერთხელ და სამუდამოდ გადაწყვეტის შეუძლებლობას. დრო, არაა ჩვეულებრივი ფიზიკური ობიექტი სხვა ობიექტთა შორის. ვერაფერს ვერ დავადებთ ხელს და ვერ ვიტყვით, რომ ეს არის დრო. ამდენად, დრო არ ექვემდებარება ისეთსავე პირდაპირ ექსპერიმენტულ შემეცნებას, როგორსაც ჩვეულებრივი ფიზიკური ობიექტები, რომელთაც მატერიალურობა გააჩნიათ. ამიტომ ჩვენ უბრალოდ მოვხაზავთ ერთგვარ თვალსაზრისს დროის ფენომენთან დაკავშირებით და, ცხადია ვერ გავკადნიერდებით იმდენად, რომ პრეტენზია განვაცხადოთ ამ უდიდესი საიდუმლოებით მოცული ფენომენის პრობლემურობის ერთხელ და სამუდამოდ მოხსნაზე. (more…)


ი. გოგიჩაძე. “თავისუფლების დეტერმინანტები — პირობა, მოტივი, იდეა”.

(კრებულიდან – “ფილოსოფიური ძიებანი” N-26, 2022 წ.)

“Ansinus buridani inter duo prata”

“ბურიდანის ვირის” პარადოქსი ერთ-ერთია იმ პარადოქსთა შორის, რომელიც ფილოსოფიის ისტორიაში ცნობილია ძენონიდან მოყოლებული. ეს კონკრეტული პარადოქსი, რომელიც მიეწერება სორბონის უნივერსიტეტის ერთ-ერთ შუა საუკუნეებში მოღვაწე რექტორს — ჟან ბურიდანს, მის ნაშრომებში არაა მოცემული და ჩამოყალიბებული. არსებობს ვარაუდი, რომ იგი მას ზეპირად იყენებდა თავის ლექციებზე და ეს გრძელდებოდა იმდენად დიდხანს, რომ გაბეზრებულმა მსმენელებმა ამ პარადოქსს ბურიდანის სახელი საუკუნოდ მიაწებეს. (more…)


“ანთროპოსის ბედკრულობის ობიექტურობა და მეტაფიზიკის ძირეული საკითხი”. ი. გოგიჩაძე

(კრებულიდან — “ფილოსოფიური ძიებანი”, 2021 წ.)

 

მცირეოდენმა განსაცდელმა შეიძლება გაგხადოთ სრულიად უბედური, მაშინ როცა

სრულიად ბედნიერად ვერ გაქცევთ ამქვეყნად ვერაფერი”.   (ა. შოპენჰაუერი)

“არ არსებობს არავითარი სანდო წყარო, არავითარი სანდო საზომი, გარდა რწმენისა, როცა საქმე ეხება საკითხს: ვინ შექმნა ადამიანი — კეთილმა ღმერთმა, ბოროტმა დემონმა თუ შემთხვევითობამ”.           (ბ. პასკალი)                                                                              

                                   1.

ბედნიერების ცნების თეორიული განსაზღვრა ურთულეს ფილოსოფიურ საკითხთა რიგს განეკუთვნება. მეტაფიზიკური თემატიკა რთულად საწვდომი ბუნების საგნებს ეხება და გასაკვირიც არაა, რომ ბედნიერების რაობა დღემდე დაუდგენელია. ბედნიერება არაა ისეთი ობიექტი, რომელსაც ექსპერიმენტულად დავაკვირდებოდით ან მათემატიკურად გამოვთვლიდით. გაურკველობაც, ამ საკითხთან დაკავშირებით, მისი მეტაფიზიკურობის გამოძახილია. თუმცა, გარკვეული ასპექტები შეიძლება დადგენილად ჩაითვალოს, როგორც ობივატელური ისე ფილოსოფიურ-მსოფლმხედველობრივი შეგნებისთვის. (more…)


ნ. ბერდიაევი — “პიკასო”.

(თარგმნილია წიგნიდან, “ხელოვნების კრიზისი”, გამოცემა გ.ა. ლემანისა და ც.ი სახაროვისა. მოსკოვი 1918 წ.)

 

როცა შევდივართ ს.ი. შჩუკინის გალერეის პიკასოს ოთახში, გვიპყრობს ძრწოლის შემზარავი გრძნობა. ის, რასაც ამ დროს ვგრძნობთ, არაა დაკავშირებული მხოლოდ ფერწერასთან და ხელოვნების ბედთან, არამედ უკავშირდება მთელ კოსმიურ ყოფასა და მის ბედს. წინამორბედ ოთახში ვხვდებით მომხიბვლელ გოგენს. მისი ქმნილებების შემყურეს გვეჩვენება, რომ აქ განიცდება ბუნებრივი ყოფის უკანასკნელი სიხარული, ქმნილი სამყაროს სილამაზე, სილამაზე კრისტალური ქვეყნიერებისა, მშვენიერება მზის ნათელით გაჟღენთილი ყოფიერებისა. გოგენისთვის, ამ რაფინირებული და რღვევამორეული კულტურის შვილისათვის, საჭირო იყო გაქცევა კუნძულ ტაიტიზე, ეგზოტიკურ ბუნებასა და ხალხში, რათა მოეკრიბა თავის თავში ძალა ქმნილი, კრისტალური, მზის სხივებით გაჯერებული სამყაროული სილამაზის დახატვისთვის. ამ ოქროსფერი სიზმრის შემდეგ გვეღვიძება პიკასოს ოთახში. აქ ცივა, მოღრუბლულია და ჩვენ გვზარავს. (more…)


მ. მამარდაშვილი, “კანტიანური ვარიაციები”. ლექცია 3.

(თარგმნილია 1982 წელს მოსკოვის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაკითხული ლექციების წიგნად გამოცემული კრებულის ელექტრონული ვერსიიდან.)

 

 

ერთობლივმა საქმიანობამ შეგვიყვანა კანტის იდეის, პრინციპების პრობლემათა ცენტრში. ჩვენი მეთოდი, ჩვეულებისამებრ, იქნება — ვარირება კანტიანურ თემატიკაში იმდენად, რამდენადაც კანტისეულ აზროვნებაში საქმე გვაქვს ერთგვარ ნაკადთან და მის შინაგან მოძრაობასთან, და არა ცალკეულ თხზულებებთან, ან სხვაგვარად რომ ვთქვათ, შრომის შედეგად შექმნილ ნაწარმოებებთან. ამ შრომის პროდუქტებს არ გააჩნიათ დამოუკიდებელი, თვითმკმარი მნიშვნელობა. საქმე ეხება ერთგვარი ორგანიზმის შინაგან ფორმას, რომელსაც ჰქვია კანტი. ხოლო ორგანიზმს, როგორც ვამბობდი, ოცი წლის ასაკშიც ძალუძს ქმნა იმისა, რაც ეგების სამოცი წლის ასაკში და პირიქით. ის ჩვენ არაფერს გვეკითხება… და ამდენად, იმან, რისკენაც მივდივართ, უნდა მოგვცეს საშუალება გავიაზროთ შემდეგი: სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ღმერთები, შეგვიძლია ვიყოთ ზნეობრივნი, სწორედ იმიტომ, რომ არსებობს ცოდვილობის სავსეობა, შეგვიძლია ვიყოთ პასუხისმგებელნი, ანუ თავისუფალნი. დღეს აქ ვისაუბრებთ ამ ყველაფრის თაობაზე განსხვავებულ მასალაზე დაყრდნობით. (more…)


ი. გოგიჩაძე – “პიროვნება და სიკეთის იდეა”.

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი” N-24  2020 წ.)

ევროპული ფილოსოფია შეიძლება წარმოვიდგინოთ როგორც პლატონის კომენტარები.

                                                                                                     ალფრედ ნორთ უაიტჰედი.

წინამდებარე სტატიაში ვეცდებით სიკეთის იდეის, მასთან დაკავშირებული ნიუანსების წარმოჩენას ჩვენეული ანთროპოლოგიური სურათის ფონზე. ეს ანთროპოლოგიური სურათი კი, თუ გავიხსენებთ, მოკლედ შემდეგნაირია: 1. ემპირიული სუბიექტ-ობიექტი, ანუ ცხოველი, რომელიც ემორჩილება ინსტიქტებს და ხელმძღვანელობს შიშველი ემპირიული მონაცემებით, ასე ვთქვათ, ალალად ენდობა მათ; 2. რაციონალური სუბიექტ-ობიექტი, ანუ საკუთრივ ადამიანი, რომელიც ემორჩილება რაციოს და ხელმძღვანელობს ექსპერიმენტული მონაცემებითა და ლოგიკით; 3. ინდივიდუალი, ანუ მოფიქრალი მე, თვისტომთა შორის ორიგინალური ხედვით გამორჩეული შემოქმედი, რომელიც ემორჩილება მუზას, შთაგონებას და თავისი ნიჭისა და ხედვის შესაბამისად გარდაქმნის ემპირიული თუ რაციონალური გამოცდილების მონაცემებს; 4. პიროვ-ნება, ანუ ანთროპოსის ის პოტენციური ცენტრი, რომელმაც შეიძლება შეგნებულად, თავისუფლად მართოს ყველა სხვა პლასტში მიმდინარე პროცესები (ბიოლოგიური, ქიმიურ-ფიზიკური, ფსიქიკური, შემოქმედებითი თუ ექსისტენციალური). ანთროპოსი ჩვენ გვესახება არა ერთგანზომილებიან, ცალსახა არასებად, არამედ მინიმუმ ამ ოთხი პლასტის ერთიანობად, რომელთაგან ზოგი, მაგ., პირველი იმთავითვე სახეზე მოცემული რეალობაა, ხოლო დანარჩენი მასში პოტენციურად ძევს. ამის თაობაზე უფრო ვრცლად იხილეთ ჩვენი წინამორბედი სტატიები. (more…)


ირაკლი გოგიჩაძე. „ანთროპოტიპი და მიკროკოსმოსი“

(კრებულიდან “ფილოსოფიური ძიებანი”, N-23. 2019 წ)

 

ანთროპოსის მიკროკოსმოსად განხილვას ფილოსოფიის ისტორიაში დიდი ხნის ისტორია აქვს. ეს განხილვები ძირითადად ანალოგიებით მსჯელობის ხასიათს ატარებდა — მიკროკოსმოსი (კერძოდ კი ადამიანი ზოგადად) მოიაზრებოდა კოსმოსის იგივე მაკროკოსმოსის მსგავს, ოღონდ მასშტაბებში შემცირებულ, მოწესრიგებულ, კანონქვემდებარე და ა.შ. მოცემულობად.

ამგვარი განხილვისას ძალზე ზედაპირულები რომ არ აღმოვჩნდეთ წინასწარვე უნდა აღვნიშნოთ, რომ მაკროკოსმოსისა და მიკროკოსმოსის მხარეებს შორის პირველი იმთავითვე მოცემული ან თავისთავად ჩამოყალიბებული ერთეულია, ხოლო მეორე ასეთად და ასეთად შეიძლება ან უნდა იქცეს. ცხადია, აქ საქმე ეხება მიკროკოსმოსს როგორც ანთროპოსის შინაგან, გნებავთ სულიერ-გონით სამყაროს და არა ანთროპოსს როგორც ფიზიკურ-ვიტალურ მოცემულობას, რომელიც ისედაც მაკროკოსმოსის უშუალო ნაწილთაგანია. (more…)


მ. მამარდაშვილი, “კანტიანური ვარიაციები”. ლექცია 2.

(თარგმნილია 1982 წელს მოსკოვის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაკითხული ლექციების წიგნად გამოცემული კრებულის ელექტრონული ვერსიიდან.)

 

 

მაშ ასე, ჩვენ ვეცდებით კანტის ხმა-მეტყველად ვარირებას, იმ კანტისა, რომელიც ჩვენშია თუკი, რა თქმა უნდა, ჩვენ ვაზროვნებთ ან ვცდილობთ ამის გაკეთებას. ვიცით თუ არა ამის შესახებ — ის ჩვენშია. დეკარტი ჩვეთვის ჭაღარა ლეგენდაა, ისტორიული შორეთიდან მომავალი მრგვალი მაგიდის რაინდია, ხოლო კანტი — ჩვენი თანამედროვეა, ჩვენ უნებლიედ, არათვითნებურად ვლაპარაკობთ მის ენაზე, ვმოძრაობთ კანტის მიერ დაყენებულ საკითხთა აზრობრივ კავშირებში. ცხადია, ჩემი კანტი იქნება სუბიექტური, ის სხვანაირი არც შეიძლება იყოს. მე უკვე ვთქვი, რომ არსებობს ჩვენი მსჯელობების ერთგვარი გადამამოწმებელი წესი, ინტელგიბელურობის წესი, ის დასკვნა, რომელიც გავაკეთეთ ან ის, თუ როგორ გავიაზრეთ რაღაც — უნდა აკავებდეს ერთიანობის ნათელში ტექსტის სხვადასხვა ნაწილებს, რათა თვითოეული მათგანის ასახნელად კიდევ არ მოგვიწიოს დამატებითი ad hoc ჰიპოთეზების მოშველიება. აზრისეული მოვლენები ისეთივე ემპირიული მოვლენებია ამ სამყაროში როგორც ფიზიკური მოვლენები. (more…)


მ. მამარდაშვილი, “კანტიანური ვარიაციები”. ლექცია 1.

(თარგმნილია 1982 წელს მოსკოვის ზოგადი და პედაგოგიური ფსიქოლოგიის ინსტიტუტში წაკითხული ლექციების წიგნად გამოცემული კრებულის ელექტრონული ვერსიიდან.)

 

    არ მინდა ვეცადო მადლიერების გამოხატვას კურსის ორგანიზატორთა და მსმენელთა მიმართ — მე უბრალოდ ვერ მოვძებნი საჭირო სიტყვებს. მადლიერების გამოხატვად მიიღეთ ის, რასაც მოგახსენებთ, თუ, რა თქმა უნდა, შევძლებ ამას. უწინარესად, ვიდრე გამოვხატავდე მადლიერებას ხსენებული ფორმით, მე ვისურვებდი შთამენერგა თქვენთვის თანაგრძნობა ყველა იმ ადამიანის მიმართ, რომელთაც როდესმე მოუწიათ კანტის შესახებ ლექციათა წაკითხვა. მე ეხლა მიკანკალებს მყესები და ვფიქრობ მათზე, ვისაც მოუწია კანტის თაობაზე საჯარო მოხსენებით გამოსვლა — რას განიცდიდნენ ისინი, თუ საერთოდ განიცდიდნენ რამეს? გიყვართ რა ეს ფილოსოფოსი, როცა იმყოფებით შინ, თქვენ მოეწყობით ისევე მყუდროდ, როგორც ის იღებდა ხოლმე თავის სტუმრებს, მაგრამ მე ეხლა არ ვარ შინ, მე ვარ თქვენთან ერთად და უნდა ვისაუბრო ხმამაღალა — აქედანაა მთელი ეს მღელვარება და მორიდებულობა. (more…)